Thursday, September 26, 2019

ინტეგრირებული გაკვეთილი



  • რატომ გვჭირდება ინტეგრირებული გაკვეთილი\
  • რა არის ინტეგრირებული გაკვეთილი, რა საჭიროა მისი გამოყენება სწავლების პროცესში და რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთი გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში? 
  • ყველამ იცის, რომ განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა თანამედროვე ცხოვრებისთვის ბავშვის მომზადება, მისთვის აუცილებელი კომპეტენციების ფორმირება, და ამის ერთ-ერთი გზა სასწავლო დისციპლინების ინტეგრაციაა. სკოლაში ბავშვები სწავლობენ ბევრ ისეთ საგანს, რომლებიც ერთმანეთთან ნაკლებად არის დაკავშირებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვის აღქმები იმ პერიოდში, როცა ის სკოლაში სწავლას იწყებს, მთლიანობით ხასიათს ატარებს და მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას, ცალკეულ გაკვეთილებზე ფრაგმენტულად, განცალკევებულად მიწოდებული ცოდნა, ინფორმაცია ვერ შეუწყობს მას ხელს სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის შექმნაში. თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაც ხომ ის არის, რომ ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა, დაეხმაროს მას, შეიქმნას ერთიანი, მთლიანი, ფართო წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე, საზოგადოებაზე და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეს აქვს ღრმა და მრავალფეროვანი ცოდნის მიღების საშუალება სხვადასხვა საგნიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენების და მოვლენების სრულიად ახლებურად გააზრების გზით. საგანთაშორისი კავშირები სწავლების უმნიშვნელოვანესი პრინციპია თანამედროვე სკოლაში. ის სწავლების უმაღლესი დონეა. სკოლაში კომპლექსური პრობლემების შესწავლისას საგანთაშორისი კავშირების დამყარების ყველაზე ეფექტურ გზას ჩვენს დროში ინტეგრირებული გაკვეთილი წარმოადგენს. ის იძლევა ცოდნის სინთეზის შესაძლებლობას, გვეხმარება, ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ერთი სფეროდან მეორეში ცოდნის გადატანის უნარი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების და განზოგადების უნარის განვითარებას. ამ გაკვეთილებზე მიიღწევა ასევე სინამდვილის მთლიანობითი აღქმა, რაც ბავშვს გარემომცველი სამყაროს შემეცნებაში დიდ დახმარებას უწევს.
  • გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული მიზანი ინტეგრირებულ გაკვეთილზე თავისთავად არ მიიღწევა. მის მომზადებას და ეფექტიანად ჩატარებას სჭირდება განსაზღვრული პირობების დაცვა:


  • ნტეგრირებულ გაკვეთილს, როგორც წესი, ატარებს სხვადასხვა საგნის ორი ან ორზე მეტი მასწავლებელი. თუმცა ასეთი გაკვეთილი შეიძლება ჩაატაროს ერთმა პედაგოგმაც, რომელსაც აქვს საბაზისო ცოდნა და მომზადება შესაბამის საგნებში.
  • იმ პედაგოგებს შორის, რომლებიც ერთად ამზადებენ და შემდეგ ატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილს, აუცილებლად უნდა არსებობდეს ფსიქოლოგიური შეთავსებადობა. ურთიერთგაგების და მხარდაჭერის გარეშე ასეთი გაკვეთილი ეფექტიანი ვერ იქნება.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება უფრო მიზანშეწონილია მაშინ, როცა განსაზღვრული მოცულობის სასწავლო მასალა უკვე ათვისებულია იმ საგნებში, რომელთა ინტეგრირებასაც ვაპირებთ. უმჯობესია, ასეთი გაკვეთილის ჩატარება სასწავლო წლის ბოლო პერიოდისთვის დავგეგმოთ.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში თითოეული მასწავლებლის მონაწილეობის წილი დამოკიდებულია სასწავლო მასალის შინაარსზე, მაგრამ მაინც ვეცადოთ, ყოველი მათგანი ამ პროცესში თანაბრად იყოს ჩართული. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ მასწავლებელს აუცილებლად მოუწევს წამყვანის როლის შესრულება.
  • ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები არიან, ცდილობენ, თავად გააანალიზონ ინფორმაცია გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების დროს, გამოყოფენ პრობლემას, შეიმუშავებენ დასახული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობის როლის ამაღლება ინტეგრირებული გაკვეთილის მიმართ ერთ-ერთი აუცილებელი და ძირითადი მოთხოვნაა, იქიდან გამომდინარე, რომ ინტეგრაცია აფართოებს შესასწავლი მასალის თემატიკას, იწვევს მოვლენების უფრო ღრმა ანალიზისა და განზოგადების აუცილებლობას.
  • ინტეგრირებული გაკვეთილი არ გულისხმობს ორი ან მეტი საგნის სასწავლო მასალის მექანიკურ გაერთიანებას. აქ უბრალოდ ახალ ცოდნას კი არ უნდა იღებდეს ბავშვი, არამედ უკვე არსებული ცოდნის ახალ სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეს. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მან უნდა შეძლოს სამყაროს წარმოდგენა ერთ მთლიანობად, რომელშიც ყველა ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანად ჩასატარებლად აუცილებელია განსახილველი და შესასწავლი ობიექტის სწორად განსაზღვრა და გაკვეთილის შინაარსის გულდასმით შერჩევა.
  • პედაგოგის მაღალი დონის პროფესიული თვისებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მოსწავლეთა შემოქმედებით თანამშრომლობას გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანობისთვის.
  • მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი გაკვეთილის, მით უმეტეს – ინტეგრირებულის, ეფექტიანად ჩატარების ალბათობა საკმაოდ მცირეა.


  • ინტეგრირებული გაკვეთილი არ წარმოადგენს სიახლეს. გაკვეთილის ამ ტიპს მასწავლებლები საკმაოდ ხშირად და ეფექტიანად იყენებენ. სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს. ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი. სასურველია, მასწავლებლებმა ხშირად გამოიყენონ ინტეგრაცია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის/საგნის მეორესთან დაკავშირება. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, რასაც საგანმანათლებლო ლიტერატურაში „ტრანსფერს“ უწოდებენ.  დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ხასიათდება გადატანის უნარით. მას შემდეგ, რაც მოსწავლე ერთხელ გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანების გადაჭრა სხვა სიტუაციებში. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. ამისათვის საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის იდეა უნდა შეირჩეს შესასწავლი თემიდან გამომდინარე, უნდა იკვეთებოდეს მისი მჭიდრო კავშირი სხვა დისციპლინასთან/დისციპლინებთან, რომელთანაც/რომლებთანაც მასწავლებელი შესასწავლი თემის დაკავშირებას გადაწყვეტს.  არჩეულ თემას უნდა ჰქონდეს ყველა ინტეგრირებულ საგანთან შეხების წერტილი, ინტეგრირება უნდა იყოს ლოგიკური და ბუნებრივი. გაკვეთილის იდეის/თემის ჩამოყალიბების შემდეგ მასწავლებელი შეისწავლის შესაბამისი საგნების სახელმძღვანელოებში ასახულ მასალას, მოიძიებს დამატებით ინფორმაციას და რესურსებს.  
  • გაკვეთილის გეგმის დახვეწის მიზნით, მასწავლებელმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს იმ საგნების მასწავლებლებთან, რომელი საგნების ინტეგრირებაც აქვს განზრახული, უნდა გააცნოს მათ გაკვეთილის გეგმის მონახაზი, მოისმინოს და  გაითვალისწინოს  მათი რეკომენდაციები.
  • როგორ დავგეგმოთ ინტეგრირებული გაკვეთილი?
  • წლის დასაწყისში მასწავლებელი შეადგენს თავისი საქმიანობის თემატურ გეგმას, სასურველია მოიაზროს ის თემები, რომელთა დაკავშირება სხვა სასწავლო საგნებთან იქნება შესაძლებელი. შემდეგ ეტაპზე უნდა გაეცნოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნების პროგრამებს. თუკი ამ საგნის სასწავლო გეგმაც მოიცავს მსგავს თემებს და თან ქრონოლოგიურადაც შესაძლებელია მათი ერთმანეთთან დაკავშირება, მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა. მთავარია, ინტეგრირებული გაკვეთილისთვის სწორად შეირჩეს საგაკვეთილო თემა. რაც ნიშნავს იმას, რომ არჩეულ თემას უნდა ჰქონდეს ყველა ინტეგრირებულ საგანთან შეხების წერტილი და ინტეგრირება იყოს ლოგიკური და ბუნებრივი. ინტეგრირებული გაკვეთილის ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ იგი უნდა უზრუნველყოფდეს ინტეგრირებული საგნების შესაბამისი სასწავლო შედეგების მიღწევას.
    ჩამოვაყალიბოთ ის თანმიმდევრობა, რომელიც ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ:
    1. საგაკვეთილო თემის სწორი შერჩევა, რადგანაც ის ინტეგრირებული საგნების შემაკავშირებელი რგოლია;
    2. უნდა გამოიკვეთოს სასურველი მიზნები;
    3. დაუკავშირდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევ შედეგებს ყველა ინტეგრირებულ საგანში;
    4. დროში გაიწეროს მიზნის შესაბამისი აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფს შედეგების მიღწევას;
    5. თემის შესაბამისი დამატებითი ინფორმაციისა და რესურსების მოძიება.
           რაც შეეხება კლასკომპლექტში ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ორივე კლასში როგორც ერთი საგნის ფარგლებში შერჩეული თემების მსგავსება, ასევე, მათი კავშირი ინტეგრირებულ საგანთან ან საგნებთან. ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ დიფერენცირებული სწავლებაც.