გონებრივი იერიში გონებრივი იერიში დროის მცირე მონაკვეთში მრავალგვარი იდეის გენერირების საშუალებას იძლევა. იგი ტარდება დამოუკიდებლად ან წარმოადგენს სხვა სავარჯიშოს ნაწილს. ამ მეთოდის გამოყენება თითოეული მოსწავლისგან ინდივიდუალურ აქტივობას მოითხოვს და საერთო პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტას განაპირობებს.
მასწავლებელი წინასწარ შეარჩევს თემას და შეკითხვის სახით ჩამოაყალიბებს მას. შეკითხვა უნდა იყოს მკაფიო და მოსწავლეთათვის გასაგები ფორმით მიწოდებული.
ამის შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და გვთავაზობენ პრობლემის გადაწყვეტის გზებს. იდეების გენერირების დროს სასურველია დავიცვათ შემდეგი პრინციპები:
1. მოსწავლეთა მიერ მოსაზრების გამოთქმის დროს დაუშვებელია კამათი, კრიტიკა ან შეფასება. უნდა ვიმუშაოთ პრინციპით: ყველა მოსაზრება ღირებულია.
2. აზრის გამოთქმა ნებაყოფლობითი და თავისუფალია. მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან მოსაზრებები, როცა თავად მოისურვებენ და არა მაშინ, როცა ამას მასწავლებელი მოითხოვს, იდეა შეიძლება იყოს როგორც ორიგინალური, ისე სხვისი იდეის განვითარების შედეგი.
3. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია იდეების რაოდენობა და არა ხარისხი. ხარისხზე მსჯელობა უნდა მოხდეს გენერირების ეტაპის დასრულების შემდეგ (შეფასების ეტაპი).
4. ყველა იდეა უნდა დაიწეროს დაფაზე ან დიდ ქაღალდზე (მათ შორის, ყველაზე მიუღებელიც კი).
5. შეფასების წინ მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ დაფიქრების საშუალება.
6. იდეების გენერირების პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გაკვეთილის მსვლელობაზე, თუმცა, მასწავლებელმა შეიძლება წინასწარ განსაზღვროს იგი (რეკომენდებულია 2-დან 5 წუთამდე, თუმცა რთული საკითხის შემთხვევაში შესაძლოა 20 წუთამდეც).
მასწავლებელმა აქტიური სამუშაოს მსვლელობისას უნდა განსაზღვროს, რამდენი ხნის შემდეგ დაიწყება შეფასების ეტაპი: მაშინვე, თუ მომდევნო დღეს. ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები უნდა ეწეროს დაფაზე ან კედელზე გაკრულ დიდ ქაღალდზე. გამოყენებული მეთოდების აღწერა
იდეების შეფასების ეტაპის დაწყებისას უნდა მოხდეს მოსაზრებათა მოკლე მიმოხილვა. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად უნდა განსაზღვრონ, დააჯგუფონ მსგავსი იდეები და განაზოგადონ ისინი.
მსგავსი იდეების გაერთიანების მერე შესაძლებელია მცირე დისკუსია მათ ავკარგიანობაზე, რომლის შემდეგაც უნდა მოხდეს მათი დახარისხება მნიშვნელობის მიხედვით - თითოეულ მოსწავლეს შეუძლია ამოარჩიოს რამდენიმე, მისი აზრით, ყველაზე ფასეული თემა და დაალაგოს ისინი მნიშვნელობის მიხედვით (თავისი დამოკიდებულება გამოხატოს ქულებით).
ქულების შეჯამების შემდეგ უნდა გამოიკვეთოს 1, 3 ან 5 იდეა, რომელსაც კლასი უპირატესობას მიანიჭებს.
მასწავლებელს, გაკვეთილის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, შეუძლია შეცვალოს შეფასების ეტაპის მიმდინარეობა. მაგ.: ძირითადი აქცენტი გადაიტანოს თავად დისკუსიაზე, რომელიც სრულდება არა შეფასებით (ქულებით), არამედ მოსწავლეთა შეთანხმებით, მაგრამ ეს შეთანხმება არ უნდა იყოს ხელოვნური და თავს მოხვეული.
როლებით თამაში
როლებით თამაში მოსწავლის (ან მასწავლებლის) მიერ შექმნილი პატარა იმპროვიზებული წარმოდგენაა, რომლის მიზანია კონკრეტული სიტუაციისა და ამბის გაცოცხლება. იგი საშუალებას იძლევა, უკეთ წარმოვიდგინოთ, გავიაზროთ და გავაანალიზოთ მოცემული ამოცანა.
სავარჯიშოსთვის მასწავლებელი შეარჩევს რეალური ცხოვრებიდან აღებულ ამბავს ან ტექსტს (სცენას) მასალიდან. შესაძლებელია მასწავლებელმა ან მოსწავლეებმა თავად მოიფიქრონ ისტორია საჭირო თემაზე და გაითამაშონ იგი.
მასწავლებელი თვალს ადევნებს როლების განაწილებას და მოქმედების განვითარებას. მოსწავლეები შემოქმედებითად უნდა მიუდგნენ თავიანთ როლებს, რაც იმის გარანტიაა, რომ ისინი კრიტიკულად განეწყობიან როგორც საკუთარი პერსონაჟის, ისე სხვა მოქმედი გმირების მიმართ. ბუნებრივია, მათ გაუჩნდებათ შეკითხვები, რომლებზედაც ძნელია ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა.
იმართება დისკუსია, რომლის დროსაც მოსწავლეები აქტიურად განიხილავენ და მსჯელობენ აღებული თემის ირგვლივ. არ უნდა დავუშვათ, შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა შეიძლებოდეს. სულაც არ არის აუცილებელი, გამოთქმული აზრი გაიზიაროს ყველა მოქმედმა გმირმა. შეთანხმება არ უნდა იქცეს თვითმიზნად და არ უნდა ვეცადოთ მის ხელოვნურად მიღწევას.
საკითხი, რომელზედაც შეთანხმება ძნელია, შეიძლება ღიად დარჩეს.
სიტუაციის მოდელირება
სიტუაციის მოდელირება შეიძლება განვიხილოთ, როგორც როლებით თამაში, რომელშიც უკლებლივ მთელი კლასი მონაწილეობს. ის საშუალებას იძლევა, მოსწავლეებმა გამოსცადონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები „ექსტრემალურ“ ვითარებაში.
სიტუაციის მოდელირება მონაწილეთაგან დიდ ძალისხმევასა და მონდომებას მოითხოვს, ამიტომ იგი მეტად შთამბეჭდავია და დიდ ზემოქმედებას ახდენს მონაწილეებზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოდელირების შემდგომი ანალიზი. „მსახიობებმა” უნდა იმსჯელონ საკუთარ გრძნობებზე (რატომ გადაწყვიტეს ემოქმედათ ამგვარად, გრძნობდნენ თუ არა უხერხულობას და რამდენად მისაღებია მათთვის პრობლემის ამგვარი გადაწყვეტა).
მასწავლებელი ამ შემთხვევაში უნდა დაეხმაროს მათ, რათა მონაწილეებმა შეძლონ, განცდილი დააკავშირონ რეალობასთან.
საკლასო დისკუსია
ინტერაქტიური მეთოდიკის ერთ-ერთ ეფექტიან ხერხს წარმოადგენს საკლასო დისკუსია. იგი ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: აქტიური მოსმენა, საკუთარი აზრის გამოთქმა და არგუმენტირება, მსჯელობა, სხვისი მოსმენა-გათვალისწინება, განსხვავებული აზრის გაზიარების უნარი.
დისკუსიის წარმატებით ჩატარებისთვის საჭიროა კლასში იყოს ნდობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო, სადაც, პირველ ყოვლისა, მასწავლებელი უნდა იყოს მისაბაძი მაგალითი.
დისკუსიის სწორი წარმართვისათვის აუცილებელია მისი ორგანიზება და რეგულირება, დისკუსიის მონაწილენი უნდა იცავდნენ წესებს, რომლებსაც მასწავლებელთან ერთად თავად ჩამოაყალიბებენ. წესების ჩამონათვალი შეიძლება ამგვარი იყოს:
1. როცა ერთი საუბრობს, სხვები უსმენენ;
2. აიწიეთ ხელი, როცა რაიმეს თქმა გსურთ;
3. არ გააწყვეტინოთ სხვას სიტყვა;
4. არ უნდა გაიცინოთ, როცა სხვა საუბრობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი ხუმრობს;
5. კამათში ყველა მონაწილეობს;
6. და სხვა წესები (რომლებსაც კლასი დამატებით შემოგვთავაზებს). დისკუსია იწყება მოტივაციით, რომელიც გულისხმობს:
პრობლემის დასმას ან კონკრეტული შემთხვევის აღწერას, ლექსის ან სიტუაციური ამოცანის წაკითხვას, ილუსტრაციების ჩვენებას, მელოდიების მოსმენას.
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს: რა? როგორ? რატომ? რა მოხდებოდა, რომ...? რამ იქონია გავლენა? არის თუ არა ალტერნატივა?
დისკუსიის მსვლელობა:
თუ დიალოგი დაიძაბა, მაშინ დისკუსია უნდა წარიმართოს სამოქალაქო ღირებულებებზე დაყრდნობით. მაგალითად, თუ მოსწავლეები მსჯელობენ ჩაცმის კულტურაზე, კერძოდ, სკოლაში გამომწვევი ჩაცმულობის აკრძალვაზე, კარგი იქნება, ჯერ გავარკვიოთ, მიაჩნიათ თუ არა მათ, რომ სკოლამ უნდა გაითვალისწინოს ამა თუ იმ საკითხზე მოსწავლის შეხედულება.
ყველა მოსწავლეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი. დისკუსიის დროს ყურადღება გაამახვილეთ სამოქალაქო ღირებულებებზე, აღნიშნეთ, ვის აქვს უფლება, გამოიტანოს გადაწყვეტილება. გავრცელებულია დისკუსიის შემდეგი ფორმები:
„მრგვალი მაგიდა“ - საუბარი, რომელშიც თანაბარ საწყისებზე მონაწილეობს მოსწავლეთა მცირე ჯგუფი (4-5 კაცი), ხდება აზრთა ურთიერთგაცვლა, როგორც ერთმანეთთან, ასევე - კლასთან.
„პანელური დისკუსია“ - ჯგუფს ჰყავს წინასწარ არჩეული ლიდერი. ჯგუფი საკითხს განიხილავს დამოუკიდებლად და შემდეგ წარუდგენს კლასს. ჯგუფის თითოეულ წევრს აქვს თავისი მოსაზრებების საჯაროდ გამოთქმის უფლება.
„ფორუმი“ - ჰგავს პანელურ დისკუსიას, რომლის დროსაც ჯგუფი ახდენს აზრთა და იდეათა ურთიერთგაცვლას კლასთან.
„სიმპოზიუმი“ - მონაწილეები გამოთქვამენ საკუთარ თვალსაზრისს ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ, აგრეთვე, უპასუხებენ კლასის შეკითხვებს.
დებატები
დებატები დისკუსიის ერთ-ერთი ფორმაა და აგებულია მონაწილეთა წინასწარ დაგეგმილ გამოსვლებზე. წარმომადგენლებს ირჩევენ ჯგუფიდან. კამათი იწყება ორი დაპირისპირებული მხარის თითო წარმომადგენლის გამოსვლით. მათ შემდეგ ტრიბუნა ეთმობა თითოეული მხარის სხვა მონაწილეებსაც შეკითხვებისა და კომენტარებისთვის. მასწავლებელმა თითოეული გამომსვლელისთვის უნდა დაადგინოს განსაზღვრული დრო.
როგორც წესი, დებატების დაწყებამდე და მისი დასრულების შემდგომ კლასის საერთო შეხედულება ფასდება, მაგალითად:
დებატების გამოყენება
მაგალითად, სიკვდილით დასჯის თემა საკმაოდ აქტუალურია კულტურული, პოლიტიკური და ზოგადად ღირებულებითი თვალსაზრისით, ამიტომ, ბუნებრივია, მოსწავლეები თემის გარშემო მრავალფეროვან ინფორმაციას იკვლევენ. ერთნი სიკვდილით დასჯის გამამართლებელ არგუმენტებს იპოვიან, მეორენი, პირიქით - სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო არგუმენტებს. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ორივე გუნდის არგუმენტები მესამემ საკუთარი პოზიციების დასაცავად გამოიყენოს. ამ ასაკის ბავშვებისათვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის მიუხედავად, აქტიური მეთოდებით ჩატარებული ოცამდე თემის გავლის შემდეგ კლასი საკმაოდ გახსნილი და გულახდილი იქნება. ბავშვები პიროვნული ამბიციებისა და ახირებების მიხედვით კი არ აირჩევენ პასუხს, არამედ - არგუმენტებისა და კრიტერიუმების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე.
მასწავლებლის მისიაა, მოსწავლეებს დებატებით სწავლების სტრატეგია დაანახვოს, „ამოგზაუროს“ შემეცნების ამ უაღრესად საინტერესო გზაზე, სადაც ცოდნის, განცდის, ემოციისა და დამოკიდებულების სინთეზი მიიღწევა.
მაინც, რა უპირატესობა აქვს დებატებს?
T დიაგრამა
ეს სქემა მასწავლებელმა შეიძლება მრავალმხრივ გამოიყენოს. იგი ძალზე მოსახერხებელია საპირისპირო მოსაზრებათა გამოსათქმელად, მოვლენებისა თუ ფაქტების შესაპირისპირებლად და შესადარებლად, მოქმედ გმირთა დასახასიათებლად.
T სქემა საშუალებას გვაძლევს, წარმოვაჩინოთ დაპირისპირება განსახილველ საკითხებს (ფაქტებს, მოვლენებს, ადამიანებს, საგნებს და ა.შ.) შორის.
სავარჯიშო კარგია ინფორმაციის დასახარისხებლად (ვთქვათ, დადებითად და უარყოფითად) და დასაჯგუფებლად. სამუშაო სრულდება ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად, მასწავლებლის შეხედულებისამებრ: დაფაზე, რვეულში ან თაბახის ფურცელზე. ივსება ჯერ სქემის მარცხენა მხარე (5 წთ.), შემდეგ - მარჯვენა (5 წთ.).
![]()
აზრობრივი რუკა
აზრობრივი რუკის მიზანია კონკრეტულ საკითხებზე მოსწავლეთა (კლასის) ცოდნის დადგენა-შემოწმება. იგი ხელს უწყობს არსებული ინფორმაციის შეკრება-მობილიზებას, ახალი იდეების დაბადებასა და გამოხატვას.
წრის შუაგულში იწერება ერთი ან ორი სიტყვა (ნაწარმოების სათაური, საკვანძო სიტყვა, გამონათქვამი, პერსონაჟის სახელი, ადგილის სახელწოდება და ა.შ.), ირგვლივ კი - ყველა აზრი, რომელიც ამ სიტყვას უკავშირდება.
![]()
აზრობრივი რუკა წარმოადგენს ეფექტიან საშუალებას პერსონაჟის, მოვლენის, იდეის დასახასიათებლად. იგი შეიძლება გამოვიყენოთ მოსწავლეთა მოტივაციისთვის.
„რეიტინგი“
მეთოდი გამოიყენება კლასისათვის კონკრეტული ინფორმაციის მისაწოდებლად ან ჯგუფებში მიზანმიმართული დისკუსიის წახალისება-სტიმულირებისათვის.
მასწავლებელი წინასწარ ამზადებს ბარათების კომპლექტს - თითოეული ჯგუფისთვის 9 ბარათს და განსახილველ თემასთან დაკავშირებულ 9 მოსაზრებას (თითო წინადადებას წერს თითო ბარათზე).
ჯგუფებში განიხილავენ შემოთავაზებულ მოსაზრებებს და ალაგებენ მათ მნიშვნელობის ხარისხის მიხედვით. რეიტინგის სქემას შეიძლება კიბის ან მრავალკუთხედის ფორმა მიეცეს. საფეხურებრივი რეიტინგის შედგენისას, ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრება სულ ზემოთ თავსდება, მის ქვემოთ მასზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, მომდევნო საფეხურზე - კიდევ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი და ა.შ. ყველაზე უმნიშვნელო გამონათქვამი ყველაზე ქვემოთ აღმოჩნდება.
საფეხურებრივი რეიტინგი
„მრავალწახნაგა“ რეიტინგის შედგენისას, თავდაპირველად, უნდა განისაზღვროს, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრება, შემდეგ მნიშვნელობით მისი მომდევნო ორი გამონათქვამი, შემდეგ - სამი საშუალოდ ძლიერი მოსაზრება, შემდეგ ორი მომდევნო და ბოლოს - ყველაზე უმნიშვნელო.
მრავალწახნაგიანი რეიტინგი
საკითხების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა, როგორც წესი, ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, რეიტინგის ამგვარი ფორმა უფრო პირობითი და მისაღებია მოსწავლისათვის. გარდა ამისა, იგი კონსენსუსის მიღწევის მეტ შესაძლებლობასაც იძლევა. რეიტინგის შედგენისას შეიძლება ბარათებზე 8 მოსაზრება დაიწეროს, ერთი ბარათი კი ცარიელი დარჩეს და ის თავად მონაწილეებმა შეავსონ.
პროექტები
პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაო, რომელშიც წარმმართველია კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარების განვითარება. ეს მეთოდი აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლეოდა და იძლევა.
მოსწავლეები მუდმივად სვამენ შეკითხვებს: რატომ გვასწავლით ამა თუ იმ საკითხს? რაში გამომადგება ეს ცოდნა? მასწავლებლებს უჭირთ ამ კითხვებზე დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხის გაცემა. ამ პრობლემის მოგვარებაში მასწავლებელს დაეხმარება იმის ცოდნა, თუ როგორ ამუშაოს მოსწავლეები სასწავლო პროექტზე. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები რეალური პრობლემის გადასაჭრელად შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იყენებენ. პროექტით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივაციას და ზრდის მათ პასუხისმგებლობას. ისინი ხალისით ასრულებენ სამუშაოებს და შეუძლიათ ხანგრძლივად იმუშაონ დასმულ საკითხებზე.
საკითხებს მოსწავლეები ხანგრძლივი დროის (ერთი ან რამდენიმე კვირის) განმავლობაში ამუშავებენ და შემდგომ წარუდგენენ მთელ კლასს ან უფრო ფართო აუდიტორიას. პროექტები ეხმარება მოზარდს, რეალურ ცხოვრებაში გამოიყენოს მიღებული ცოდნა და გამოცდილება დასახული მიზნის მისაღწევად.
პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუკი მისი შედეგები თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად, კორექტული ფორმით არის წარმოდგენილი (მაგ.: წერილობითი დოკუმენტი, მაკეტი, ინსცენირება, დებატები, აქცია, თანმიმდევრული ღონისძიებები და ა.შ.).
მასწავლებელი სასწავლო პროექტების მიმდინარეობისას კონსულტანტის როლს ასრულებს, ხელმძღვანელობს სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს აძლევს მიმართულებას. ასევე, იგი უთითებს ინფორმაციის წყაროებს.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეს სჭირდება შემოქმედებითობა, საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევები.
სასწავლო პროექტის დაგეგმვის დროს მასწავლებელი ითვალისწინებს:
პროექტი შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად; ერთი საგნის ფარგლებში; რამდენიმე საგნის ფარგლებში (საგანთა ინტეგრაცია);
მასწავლებელი-მოსწავლეების დამოკიდებულების მხრივ შეიძლება გამოიყოს სამი ტიპის სასწავლო პროექტი:
1. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გამზადებულ პროექტს. იგი თავად განსაზღვრავს პრობლემას, სახავს მისი გადაჭრის სტრატეგიასა და ტაქტიკას. მოსწავლე კი დამოუკიდებლად გადაჭრის პრობლემას;
2. მასწავლებელი სვამს პრობლემას, მოსწავლე დამოუკიდებლად ირჩევს კვლევის მეთოდებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს;
3. მოსწავლე განსაზღვრავს პრობლემას, დამოუკიდებლად ირჩევს კვლევის მეთოდებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს.
პროექტის აღწერა
პროექტის აღწერა არის მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილი. აღნიშნული პუნქტი სასურველია დაიყოს ქვეპუნქტებად, რომლებშიც გაერთიანდება შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) პრობლემის განსაზღვრა (იდენტიფიკაცია) - გულისხმობს იმ კონკრეტული პრობლემის ხაზგასმას, რომლის საპასუხოდაც არის მიმართული თქვენი პროექტი.
ბ) მიზანი - გულისხმობს ფართო, ზოგად დებულებას იმის შესახებ, თუ რის მიღწევა გსურთ. პროექტის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ისეთი სასურველი გარემოს ან პირობების შექმნა, რომლებიც ლოგიკურად დაუკავშირდება ზემოაღწერილ პრობლემას.
გ) ამოცანები - გულისხმობს კონკრეტულ ნაბიჯებს მიზნის მისაღწევად. აქ უნდა მიუთითოთ, რა ამოცანების გადაჭრას ისახავთ თქვენს პროექტში მითითებული მიზნის მისაღწევად. მიზნის მისაღწევად შეიძლება დაისახოთ ერთი, ორი ან რამდენიმე ამოცანა იმის გათვალისწინებით, თუ როგორია თქვენი პროექტის სპეციფიკა.
დ) განხორციელების გზები - გულისხმობს კიდევ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს თქვენ მიერ დასმული ამოცანების შესასრულებლად. განხორციელების გზები არის პროცესი, რომელმაც უნდა უპასუხოს კითხვებს:
1) „როგორ?“ - როგორ განახორციელებთ თქვენი პროექტის ამოცანებს?
2) „ვინ?“ - ვინ მონაწილეობს თქვენი პროექტის განხორციელებაში და რა არის მათი ფუნქციები პროექტში?
პროექტის შესრულების ვადები
უნდა შეიცავდეს პროექტის დროში განაწილებულ მსვლელობას. მასში უნდა აისახოს ეტაპებად დაყოფილი პროექტის შესასრულებლად გასაწევი საქმიანობა, განაწილებული დღეების, კვირების, თვეების იხედვით, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
მოსალოდნელი შედეგები
ამ ნაწილში აღწერეთ ის სავარაუდო ეფექტი ან მოსალოდნელი ედეგი, რომელიც მოჰყვება პროექტის წარმატებით განხორციელებას.
მონიტორინგი
ამ ნაწილში უნდა მიუთითოთ, თუ როგორი იქნება კონკრეტულად ქვენი პროექტის განვითარებაზე თვალყურის დევნების (მონიტორინგის) ექანიზმი და პერიოდულობა.
შეფასება
მიუთითეთ ის სავარაუდო კრიტერიუმები (მაჩვენებლები), რომლებიც ანსაზღვრავენ თქვენი პროექტის წარმატებას.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
სასარგებლო რჩევები
სამოქალაქო წიგნიერების განვითარება
(ბეჭდვით მასალაზე მუშაობა)
სამოქალაქო განათლების სწავლებისას ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები ნაბეჭდ მასალას სწავლის პროცესში, იქნება ეს სხვადასხვა ხასიათის სტატიები თუ საგაზეთო მასალა, პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა გამოსვლები, კანონთა ტექსტები და სხვა.
მასალის რაოდენობა და მრავალფეროვნება დამოკიდებულია მის ხელმისაწვდომობასა და დასამუშავებელი თემის მნიშვნელობაზე.
თითოეული სახის ბეჭდვითი მასალა გარკვეული, მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით ხასიათდება. მათი ანალიზიც სხვადასხვაგვარად ხორციელდება. თუმცა, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ შეკითხვების ჩამონათვალი, რომლებიც მათ დასამუშავებლად გამოიყენება, შეიძლება ერთგვაროვანი იყოს.
შეკითხვები, რომლებიც გვეხმარებიან სხვადასხვა ტიპის დოკუმენტის დამუშავებაში:
1. ვინ არის დოკუმენტის ავტორი/ავტორები? ავტორის/ავტორების გარდა, დოკუმენტის შექმნაში იღებდა თუ არა მონაწილეობას სხვა პირი/პირები? რა იცით ამ ავტორის/ავტორების შესახებ? რა შეგიძლიათ დამატებით გაიგოთ ავტორის/ავტორების შესახებ შესასწავლი დოკუმენტიდან?
2. როდის შეიქმნა ან დაიწერა დოკუმენტი? შეიძლება თუ არა ამის დადგენა დოკუმენტის შინაარსზე დაყრდნობით? რა მნიშვნელობა აქვს დოკუმენტის შექმნის დროის დადგენას?
3. სად ჩაეყარა საფუძველი იმ მოვლენას/მოვლენებს, რომლის შესახებაც საუბარია დოკუმენტში? როგორ შეიძლება ამის დადგენა დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე? რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნული მოვლენის ადგილის განსაზღვრას?
4. რა ფაქტებია მოყვანილი დოკუმენტში? რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ამ ფაქტების გაცნობის შემდეგ?
5. რატომ შეიქმნა ეს დოკუმენტი? რა იყო მიზეზი მისი შექმნისა?
6. როგორ დაგეხმარათ ეს დოკუმენტი, გაგეგოთ მეტი შესასწავლი მოვლენის/მოვლენების შესახებ?
მიუხედავად შეკითხვების ამგვარი უნიფიცირებისა, თითოეული ტიპის დოკუმენტს გააჩნია თავისი სპეციფიკა. ქვემოთ განვიხილავთ იურიდიული დოკუმენტების ანალიზის სპეციფიკას, რომელიც გამოგვადგება სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ეფექტიანად წარმართვისთვის. საუბარი გვექნება სამი სახის დოკუმენტზე: კონსტიტუციაზე, კოდექსსა და კანონზე.
კონსტიტუცია - სახელმწიფოს ძირითადი კანონია. ის ამკვიდრებს ქვეყნის მმართველობის ფორმას, იძლევა სოციალური და პოლიტიკური უფლებების გარანტიებს და განსაზღვრავს პოლიტიკურ პრინციპებს.
კოდექსი - კანონებისა და წესების კრებულია, რომელიც განეკუთვნება განსაზღვრულ საზოგადოებრივ მოვლენას.
კანონი - წარმოადგენს დებულებებს, რომელთაც შეიმუშავებენ კანონმდებლები ან პრეზიდენტი და რომელიც არეგულირებს ხელისუფლების და საზოგადოების ქმედებებს კონკრეტულ სფეროში.
ეს სამი იურიდიული დოკუმენტი ქმნის იერარქიულ სტრუქტურას. ყოველი კანონი უნდა ეფუძნებოდეს კონსტიტუციის კონკრეტულ დებულებას და უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული კოდექსის შემადგენელ ნაწილს.
ჩვენ მიერ ჩამოთვლილი დოკუმენტების ანალიზი მსგავსი მეთოდებით ხორციელდება. თუ მოსწავლეს დავავალებთ ამ დოკუმენტების შესწავლას, მან უნდა მოიძიოს და გააანალიზოს კონკრეტული დოკუმენტის წარმოშობის ისტორია, მისი მნიშვნელობა და იურიდიული განმარტება, მოხმარების სფერო და გამოყენების შედეგები.
დოკუმენტის წარმოშობის ისტორიული ანალიზი გულისხმობს ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემას, როგორებიცაა:
დოკუმენტის მნიშვნელობის ანალიზის დროს, შესაძლებელია წარმოიშვას შემდეგი კითხვები:
დოკუმენტის თანამედროვე გამოყენებისთვის შეიძლება დაისვას შემდეგი კითხვები:
დოკუმენტების შესწავლისას, შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვა მასალებიც: გამოკვლევები, პოლიტიკური გამოსვლები, საგაზეთო სტატიები და ინტერვიუები, სატელევიზიო გადაცემები, დებატები და სხვა.
მასწავლებელს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს მოსწავლეების ჩართვას უფრო დიდ პროექტში. ამ შემთხვევაში ცალკეულ მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს შესასწავლად ეძლევა დიდი დოკუმენტის რომელიმე ერთი თავი. ამგვარად გადანაწილდება კლასზე მთელი დოკუმენტი. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოხდება კლასის მიერ შესრულებული სამუშაოს გაერთიანება.
|
Tuesday, June 25, 2019
სასწავლო მეთოდები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment