ახალგაზრდების შეკითხვები
შეიძლება თუ არა ვითამაშო კომპიუტერული თამაშები?
კომპიუტერული თამაშები მხოლოდ თანამედროვე ტექნიკით გართობა არ არის. მათი მეშვეობით შეგიძლია გამოსცადო შენი შესაძლებლობები და კარგად გაერთო კიდეც, მაგრამ სულ ეს როდია. იგი აუმჯობესებს რეაქციის უნარს, და როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ავითარებს მხედველობით აღქმას. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთი თამაში მათემატიკურ ნიჭსა და კითხვის უნარსაც კი ავითარებს. გარდა ამისა, უახლესი ელექტრონული თამაშები სკოლის მოწაფეებისთვის მთავარ სასაუბრო თემად იქცა. თუ რომელიმე კომპიუტერული თამაში ითამაშე, თანატოლებთან რაღაცაზე სალაპარაკო გექნება.
რასაკვირველია, მშობლებზეა დამოკიდებული, დაგრთავენ თუ არა თამაშის ნებას. თუ ნებას დაგრთავენ, ისეთი თამაშის არჩევა უნდა შეგეძლოს, რომელიც სახალისოც იქნება და ზნეობრივად გამართლებულიც. მაგრამ მაინც რატომაა საჭირო სიფრთხილე?
უარყოფითი მხარე
„კომპიუტერული თამაშები მაგარია“, — აღნიშნა თექვსმეტი წლის ბრაიანმა. მაგრამ ალბათ იცი, რომ ყველა თამაში უწყინარი არ არის. ბრაიანი ამბობს: „თამაშში ზოგჯერ ისეთი რაღაცის გაკეთება შეგიძლია, რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერასოდეს გააკეთებ, და თუ გააკეთებ, პრობლემები არ აგცდება“. რისკენ უბიძგებს ადამიანს ეს თამაშები?
ბევრ თამაშში წარმოდგენილია უზნეობა, ბილწსიტყვაობა და ძალადობა, რასაც გმობს ბიბლია (ფსალმუნი 11:5; გალატელები 5:19—21; კოლოსელები 3:8). ზოგიერთი თამაში ძირითადად ოკულტიზმს ეხება. თვრამეტი წლის ადრიანი ერთი პოპულარული თამაშის შესახებ ამბობს, რომ თამაშში არის „ბანდების ბრძოლები, ნარკომანია, სექსი, ლანძღვა-გინება, სისასტიკე და სისხლისღვრა“. ახალი თამაში რომ გამოდის, ძველი უკვე უინტერესო ხდება. როგორც ცხრამეტი წლის ჯეიმზი ამბობს, პოპულარული გახდა სხვასთან ინტერნეტით თამაში, რაც სულ სხვა დონის თამაშია. ჯეიმზი აღნიშნავს: „წარმოიდგინე, შენი სახლიდან შეგიძლია შეეჯიბრო ნებისმიერს, ვინც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს“.
გარდა ამისა, პოპულარული გახდა ისეთი თამაშები, რომლებშიც მოთამაშეს სხვადასხვა როლის განსახიერება შეუძლია. მოთამაშეები ქმნიან ვირტუალურ პერსონაჟებს. ეს პერსონაჟი შეიძლება იყოს ადამიანი, ცხოველი ან ერთდროულად ორივე. ვირტუალურ სამყაროს ათასობით მოთამაშე სტუმრობს. ამ სამყაროში არის მაღაზიები, მანქანები, სახლები, ღამის კლუბები, საროსკიპოები, ერთი სიტყვით ყველაფერი, რისი ნახვაც რეალურ სამყაროში შეიძლება. თამაშის დროს მოთამაშეებს შეუძლიათ შეტყობინებებიც კი გაუგზავნონ ერთმანეთს.
კიდევ რა ხდება ვირტუალურ სამყაროში? ერთმა ჟურნალისტმა აღნიშნა: „ადამიანები თავს იმის უფლებას აძლევენ, რასაც რეალურ სამყაროში არ გააკეთებდნენ ან ვერ გააკეთებდნენ. ამ სამყაროში სექსი და პროსტიტუცია ჩვეულებრივი მოვლენაა“. საკმარისია, რამდენიმე ღილაკს თითი დააჭირო და ვირტუალური პერსონაჟები სქესობრივ ურთიერთობას დაამყარებენ, თამაშის პარალელურად კი მოთამაშეები სწრაფი შეტყობინებების საშუალებით ერთმანეთს სექსზე დაელაპარაკებიან. ეს სამყარო აგრეთვე სავსეა „კრიმინალებით, მაფიოზებით, სუტენიორებით, გამომძალველებით, თაღლითებითა და მკვლელებით“, — აღნიშნული იყო ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. სხვა ჟურნალში კი ეწერა: „კრიტიკოსები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მოთამაშეები თავიანთ პერსონაჟებს ისეთ რამეს აკეთებინებენ, რაც რეალურ სამყაროში კანონის დარღვევად ჩაითვლებოდა, მაგალითად საროსკიპოებში გაუპატიურება და ბავშვებთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება“.
შენს არჩევანს დიდი მნიშვნელობა აქვს
ვინც ისეთი კომპიუტერული თამაშებით ერთობა, რომლებშიც ძალადობა და სექსია, შეიძლება თქვას: „რა მოხდა?! ეს ხომ რეალურად არ ხდება, უბრალოდ თამაშია“. მაგრამ თავს ნუ მოიტყუებ!
ბიბლიაში წერია: „ყმაწვილი თავისი საქციელით აჩვენებს, სუფთა და მართალია მისი საქმეები თუ არა“ (იგავები 20:11). თუ ისეთი ელექტრონული თამაშებით ერთობი, რომელშიც ასახულია ძალადობა და უზნეობა, შეიძლება ითქვას, რომ მართალი და ზნეობრივად სუფთა ადამიანი ხარ? მაგალითად, გამოკვლევები ყოველთვის იმას აჩვენებს, რომ ძალადობის ამსახველი ფილმების ყურება ზრდის აგრესიას. ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“ კი ახლახან იუწყებოდა, რომ „კომპიუტერული თამაშები უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე ტელევიზორი, რადგან ამ დროს მოთამაშე თამაშის აქტიური მონაწილეა“.
ძალადობისა და უზნეობის ამსახველი თამაშებით გართობა ჰგავს რადიოაქტიური ნარჩენებით თამაშს, რომლის უარყოფითი შედეგები მართალია თავიდან არ ჩანს, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება. როგორც ცნობილია, მაღალი რადიაცია აზიანებს კუჭის კედლებს, შედეგად ნაწლავიდან ბაქტერიები სისხლში აღწევს და ავადმყოფობის მიზეზი ხდება. შესაბამისად, კომპიუტერულ თამაშებში ასახულ სექსსა და საშინელ ძალადობას შეუძლია ზნეობრივად გარყვნას ადამიანი და მისი გონების მართვა ხორციელმა სურვილებმა დაიწყოს, რაც მის საქციელში უეჭველად გამოვლინდება (ეფესოელები 4:19; გალატელები 6:7, 8).
როგორი თამაში ავირჩიო?
თუ მშობლებმა კომპიუტერული თამაშებით გართობის ნება დაგრთეს, როგორი თამაში უნდა აირჩიო და რამდენი დრო უნდა დაუთმო? ჰკითხე საკუთარ თავს:
▪ ხომ არ გავანაწყენებ იეჰოვას ჩემი არჩევანით? ის, თუ რა თამაშს ითამაშებ, გარკვეულწილად განაპირობებს იმას, თუ რას იფიქრებს ღმერთი შენზე. ფსალმუნის 11:5-ში ნათქვამია: „იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც; ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“. მათ შესახებ, ვინც ოკულტიზმს მიმართავს, ღვთის სიტყვაში წერია: „ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12). თუ გვინდა, რომ ღვთის მეგობრები ვიყოთ, უნდა გავითვალისწინოთ ფსალმუნის 97:10-ში ჩაწერილი რჩევა: „იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება“.
▪ როგორ იმოქმედებს ეს თამაში ჩემზე? ჰკითხე საკუთარ თავს: თუ ამ თამაშით ვერთობი, ადვილად შევძლებ, ‘გავექცე სიძვას’? (1 კორინთელები 6:18). თუ ისეთ თამაშს თამაშობ, რაც ვნებას აღძრავს და უხამს საუბარს უწყობს ხელს, ნამდვილად ვერ იფიქრებ იმაზე, რაც მართალია, წმინდაა და ზნეობრივია (ფილიპელები 4:8). 22 წლის ემი ამბობს: „ბევრი თამაში ადამიანს ძალადობას, ბილწსიტყვაობას, უზნეობას აჩვევს, და თანდათანობით სულიერ სიფხიზლეს აკარგვინებს. თამაში დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიო“.
▪ რამდენ დროს დავუთმობ თამაშს? თვრამეტი წლის დებორა ამბობს: „ჩემი აზრით, ყველა კომპიუტერული თამაში ცუდი არ არის, მაგრამ ბევრი დროის წართმევა შეუძლია და, ამავე დროს, მიჩვევა იცის“. ყველაზე უწყინარ კომპიუტერულ თამაშებსაც კი შეუძლია ბევრი დროის წართმევა. ჩაიწერე, რამდენ დროს უთმობ თამაშს და შემდეგ შეადარე იმ დროს, რასაც უფრო მნიშვნელოვან საქმეებს ანდომებ. ეს დაგეხმარება, რომ პრიორიტეტები სწორად დაადგინო (ეფესოელები 5:15, 16).
ბიბლიაში არ წერია, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ სწავლასა და სამუშაოს უნდა მივუძღვნათ. მასში ვკითხულობთ, რომ არის „სიცილის დრო . . . და ცეკვა-თამაშის დრო“ (ეკლესიასტე 3:4). აღსანიშნავია, რომ „ცეკვა-თამაში“ ფიზიკურ აქტივობასაც გულისხმობს. ამიტომ კარგი იქნება, თუ თავისუფალ დროს მხოლოდ კომპიუტერის ეკრანის წინ კი არ გაატარებ, არამედ ისეთ თამაშებსაც დაუთმობ, რაც ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს.
გააკეთე სწორი არჩევანი
ელექტრონული თამაშები შეიძლება მართლაც კარგი გასართობი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ კარგად თამაშობ. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი არჩევნის გაკეთება. ჰკითხე საკუთარ თავს: „რომელ საგნებს ვსწავლობ ყველაზე კარგად?“ ალბათ იმ საგნებს, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვარს. საერთოდ, რაც მეტად გიყვარს საგანი, მით მეტად ახდენს ეს საგანი შენზე გავლენას. ახლა ჰკითხე საკუთარ თავს: „ყველაზე მეტად რომელი ელექტრონული თამაში მიყვარს? როგორ გავლენას ახდენს ეს თამაში ჩემზე?“
სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარება იმ თამაშების მიმოხილვა, რომელთა თამაშსაც აპირებ. მოკლედ დაწერე თამაშის მიზანი და მეთოდები, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენება. შემდეგ ეს შეადარე ამ სტატიაში მოხსენიებულ ბიბლიურ პრინციპებს და გადაწყვიტე, იქნება თუ არა შენთვის ეს თამაში მისაღები.
ნუ ითამაშებ ამა თუ იმ კომპიუტერულ თამაშს მხოლოდ იმიტომ, რომ შენი თანატოლები თამაშობენ. გამოიჩინე სიმტკიცე და თავად მიიღე გააზრებული გადაწყვეტილება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაითვალისწინე შემდეგი ბიბლიური რჩევა: „ყოველთვის შეამოწმეთ, რა არის მოსაწონი უფლისთვის“ (ეფესოელები 5:10).
No comments:
Post a Comment