Monday, July 8, 2019

გარდნერი


ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია

ძირითადი არსი: ინტელექტი - ცოდნის დაუფლების, ტრანსფერის, გარემოსთან ადაპტაციის უნარია
ინტელექტი მრავალგვარია. ყოველი ადამიანი მეტ-ნაკლები ხარისხით ფლობს ყველა ტიპს. მათგან რომელიმე - ერთი ან ორი - დომინანტურია, დანარჩენი - ჩანასახის სახითაა. ადამიანი წარმატებას აღწევს და სიამოვნებას იღებს დომინანტური ინტელექტის ტიპის სტილში სწავლისას.

ინტელექტის ტიპი - შესაძლო საქმიანობის სფერო
ლინგვისტური ინტელექტი
აქვს კარგად განვითარებული სიტყვათა მარაგი, ადვილად იმახსოვრებს სახელებს, თარიღებს, ახალ სიტყვებს, მოსწონს წერა და კითხვა, ლიტერატურა, უყვარს სიტყვებით თამაში (პოეტი, ჟურნალისტი, ადვოკატი)
ლოგიკური და მათემატიკური ინტელექტი
ადვილად ხედავს ტენდენციას, კარგად აქვს განვითარებული აბსტრაქტული აზროვნება, შეუძლია კატეგორიებსა და იდეებს შორის მიმართების დამყარება, ადვილად ანგარიშობს, ხმარობს კომპიუტერს, უყვარს თავსატეხების, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა (მეცნიერი, მათემატიკოსი, ლოგიკოსი)
ვიზუალურ-სივრცითი ინტელექტი
ადვილად იმახსოვრებს საგნების სივრცეში განლაგებას, შეუძლია ზუსტად აღიდგინოს გამოსახულება და მისი სივრცითი მდებარეობა, უყვარს ხატვა, დიზაინი, შენება, კარგად ერკვევა რუკებსა და დიაგრამებში (დიზაინერი, არქიტექტორი, მოქანდაკე)
მუსიკალური ინტელექტი
ადვილად იმახსოვრებს მელოდიას, აქვს კარგად განვითარებული რიტმის შეგრძნება, ხშირად მღერის, მგრძნობიარეა ბგერებისა და ხმების მიმართ (კომპოზიტორი, მომღერალი, მუსიკოსი)
სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტი
ადვილად სწავლობს სხეულის შეგრძნებებით, სიმულაციით, როლური თამაშებით, უჭირს დიდხანს ერთ ადგილზე გაუნძრევლად ჯდომა, ეხერხება სპორტული თამაშები, ცეკვა, წარმოდგენები, აქვს კარგი კოორდინაცია, ადვილად ურთიერთობს ადამიანებთან, ესმის და გამოხატავს დამოკიდებულებას ჟესტებით, მიმიკებით (მოცეკვავე, სპორცმენი, პანტომიმის მსახიობი)
ინტერპერსონალური ინტელექტი
კარგად ესმის ადამიანების, ადვილად სწავლობს სხვებთან ურთიერთობის პროცესში, ეხერხება ორგანიზება და ხელმძღვანელობა, კაგრად ესმის სხვა ადამიანების ემოცია, შეუძლია მოსმენა, შეუძლია ადამიანებს შორის მედიაცია, უყვარს სოციალური თამაშები (ფსიქოლოგი, ექიმი, მენეჯერი)
ინტრაპერსონალური ინტელეტი
უყვარს მარტო მუშაობა, არის დამოუკიდებელი, აქვს ძლიერი ნებისყოფა, კარგად განვითარებული ინტუიცია, საკუთარ თავში დარწმუნებულია, კარგად იცის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები (მწერალი, პოეტი, ხელოვანი)
ნატურალისტური ინტელექტი
კარგად ერკვევა სამყაროში - ფლორასა და ფაუნაში, ეხერხება მოსავლის მოყვანა, კონსერვაცია (ბიოლოგი, აგრონომი, ქიმიკოსი)
რელიგიური (სულიერ-ეგზისტენციური) ინტელექტი
კარგად სწავლობენ რელიგიურ ლიტერატურას, აინტერესებთ რელიგიის ისტორია, სურთ გახდნენ რელიგიის მოღვაწენი (ფილოსოფოსი, თეოლოგი)
მორალური (ეთიკური ღირებულებების) ინტელექტი
უყვართ ფიქრი და განსჯა მორალურ საკითხებზე. მათთვის მთავარია ეთიკური ღირებულებები (უფლების დამცველები)
მასწავლებლის როლი: მასწავლებელი ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს ინდივიდუალურ განსხვავებებს; მან იმგვარად უნდა წარმართოს სწავლების პროცესი, რომ საშუალება მისცეს მოსწავლეს, ერთის მხრივ, წარმატებით გამოიყენოს დომინანტური ინტელექტის ტიპი და, მეორე მხრივ, განავითაროს „სუსტი“ ტიპის ინტელექტი. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელმა დავალება მოსწავლის ინტელექტის ტიპი სწავლის სტილს შეუსაბამოს - ასე შეუქმნის მას პოზიტიურ გარემოს.
ინტელექტის ტიპი და სწავლის სტილი

სწავლის სტილი არის ის, რა სახითაც  ადამიანი უკეთ აღიქვამს, გადაამუშავებს და დაიმახსოვრებს მასალას. სწავლის სენსორული (მგრძნობელობითი) სტილის მიხედვით კლასში მოსწავლეთა 29% ვიზუალურია, 34% - აუდიალური, 37% - კინესთეტიკური.
ვიზუალური სტილის ადამიანებს უადვილდებათ ახალი ინფორმაციის ვიზუალურად მიღება - სურათებით, დიაგრამებით, ცხრილებით; მათ ურჩევნიათ სასწავლო მასალს ხედავდნენ, ვიდრე ისმენდნენ ან რაიმეს აკეთებდნენ. საკლასიო გარემოში მათთვის ყველაზე ეფექტური ვიზუალური მასალების გამოყენებაა.
აუდიალური სტილის ადამიანებს ურჩევნიათ მასალა მოისმინონ; ისინი უკეთ იმახსოვრებენ საუბარს, დისკუსიას, დიალოგებს; მათ ასეთი სახით მიღებული მასალის გახსენებაც უადვილდებათ. ასეთი ადამიანებისათვის ყველაზე ეფექტური სწავლის პროცესში ლექციების მოსმენა, დისკუსიებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღებაა.
კინესთეტიკური სტილის ადამიანებს უადვილდებათ სწავლა, როდესაც რაიმეს აკეთებენ, ჭრიან, აგებენ, აწყობენ ან ასრულებენ როლებს. მათ ურჩევნიათ ინფორმაცია გადაამუშაონ მოძრაობითა და დემონსტრირებით. ასეთი ადამიანები საკლასო გარემოში ყველაზე ადვილად მაშინ სწავლობენ, როდესაც ისინი ფიზიკურად აქტიურები არიან.

თავისი სწავლის სტილის გარემოში მოსწავლე თავს კომფორტულად გრძნობს, იკმაყოფილებს მოთხოვნილებებს, გამოავლენს შესაძლებლობას, იგებს მასალას და ჩართულია სწავლაში. სტილის შეუთავსებად გარემოში კი ყველაფერი პირიქითაა.
სწავლა მასალის აღქმით იწყება.
მასალის აღქმის მიხედვით განასხვავებენ კონკრეტული და აბსტრაქტული აღქმის ადამიანებს. პირველ ტიპს ხელშესახები რეალური ინფორმაცია სჭირდება, მეორეს - თეორიების, კონცეფციების ცოდნა.
აღქმულ მასალას სჭირდება მოწესრიგება (დახარისხება გარკვეული ნიშნით)
ინფორმაციის მოწესრიგების უნარის მიხედვითაც გამოირჩევა ორგანიზებული და არაორგანიზებული სტილის ადამიანები. პირველები ლოგიკურები, ზუსტები და ჩარჩოების მოყვარულების არიან, მეორეები ქაოტურები და ვერავითარ ჩარჩოში ვერ თავსდებიან.
მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ კონკრეტული ორგანიზებული აღქმის მოსწავლეები ინტერესით მუშაობენ ცხრილებზე, რუკებზე, ციფრებზე, კონკრეტული არაორგანიზებულისათვის კი საინტერესოა ღია შეკითხვები, თამაშები, ექსპერიმენტები. აბსტრაქტული ორგანიზებული აღქმის მოსწავლეებს უყვართ მსჯელობა, დისკუსიაში ჩართვა, გონებრივი სავარჯიშოები; აბსტრაქტული არაორგანიზებულისთვის საინტერესოა ფანტაზიის, ემოციების გამოხატვა, პოეზია, სუბიექტურობა, თანამშრომლობა.
მასწავლებლის როლი: იცოდეს, როგორია მოსწავლის სწავლის სტილი და შეურჩიოს კლასს ისეთი აქტივობა, რომელიც ყველა ტიპის ინტელექტს მოერგება. დავალებაში უნდა გამოიყენოს ვერბალური მასალა, ციფრები, სურათები, დიაგრამები, მუსიკა, ფიზიკური ვარჯიშები, პრაქტიკული გამოცდილება, ჯგუფური მუშაობა ....  ამ დროს თითოეული მოსწავლე გამოავლენს და წარმატებით გამოიყენებს დომინანტურს, ამასთანავე განავითარებს სუსტს, მასში ჩანასახის სახით არსებულს.
გარდნერის რჩევა: აქტივობის შერჩევის დროს ხელოვნურობას მოერიდეთ. მაგ.მუსიკას მათემატიკის ფონად ნუ გამოიყენებთ.


No comments:

Post a Comment